09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-05

საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა — კალასი

დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზას ადგას, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას.

UNOPRESS · 2026-11-05 19:46 UTC
საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა — კალასი

საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზას ადგას დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, — ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას განაცხადა.

კალასის თანახმად, ევროკავშირის საბჭო „ქართული ოცნების“ მინისტრების სანქცირებას განიხილავდა, თუმცა ამაზე ერთსულოვნება არ არის. მისი თქმით, ზოგიერთი წევრი ქვეყანა სანქციების წინააღმდეგი იყო, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს იანვარში დაუბრუნდებიან და უფრო საფუძვლიან მსჯელობას გამართავენ.

„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს“, — აღნიშნა კაია კალასმა და დასძინა, რომ მთავრობისთვის მკაფიო გზავნილის გადასაცემად ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია რეაგირება ისეთი იყოს, რომ ქართველ ხალხს ზურგი არ აქციონ.

თავის მხრივ, გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და ვითარება კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით კიდევ უფრო გაუარესდა. მიუხედავად ამისა, კოსის თქმით, ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის.

ევროკომისიამ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითა, რომ საქართველო მხოლოდ სახელით რჩება კანდიდატ ქვეყნად, უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას და მმართველი პარტია ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას აგრძელებს.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821072/

← მთავარ გვერდზე