რუსული საგამოძიებო გამოცემა Novaya Gazeta სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის გამო იხურება
გამოცემა, რომელიც უკრაინაში მოსკოვის ომს აკრიტიკებდა, აცხადებს, რომ მუშაობას ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ზეწოლისა და „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭების გამო აჩერებს.

რუსულმა საგამოძიებო გაზეთმა Novaya Gazeta-მ დახურვის შესახებ განაცხადა. გამოცემის ცნობით, მან ბოლო სარედაქციო შეხვედრა ორშაბათს გამართა და მოსკოვში თავისი სათაო ოფისი დახურა. გაზეთის ხელმძღვანელობის განცხადებით, მუშაობის შეწყვეტა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული მკაცრი ზომებისა და ზეწოლის შედეგია.
გასულ თვეში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ გამოცემას „უცხოური აგენტის“ სტატუსი მიანიჭა. ცნობების თანახმად, აღნიშნული სტატუსის მიღების შემდეგ, რუსულმა ბანკებმა მკითხველთა შემოწირულობების დამუშავება შეწყვიტეს, რომლებზეც გამოცემა ფინანსური თვალსაზრისით იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, ოფიციალურმა პირებმა რედაქციას მოსკოვში თავისი ოფისების დატოვება მოსთხოვეს.
გამოცემის თანადამფუძნებელმა და 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, დიმიტრი მურატოვმა ჟურნალისტებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთში მშვიდობის მომხრეებს წართმეული აქვთ უფლება, აირჩიონ იმის წაკითხვა, რაც სურთ. მისი თქმით, კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს. მურატოვმა ასევე მოითხოვა რუსეთში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საზოგადოებას მოუწოდა, ერთმანეთისგან განასხვავონ რუსეთის ხელისუფლება და რუსი ხალხი.
Al Jazeera-ს ცნობით, ოქტომბერში გაზეთის მთავარი რედაქტორის, სერგეი სოკოლოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და დაკითხვისთვის გადაიყვანეს, ხოლო კიდევ ერთი რედაქტორი, ოლეგ როლდუგინი, აპრილში დააკავეს. ორშაბათს გავრცელებულ კადრებში სოკოლოვი იმ ჟურნალისტების ფოტოებს ხსნიდა, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო მოკლეს. მათ შორის იყო ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩეჩნეთში ჩადენილ დარღვევებს იძიებდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მმართველობას აკრიტიკებდა.
რუსეთის მთავრობამ მომხდარს მნიშვნელობა დაუკლო. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დახურვა კონკურენტულ მედიაგარემოში „ნორმალური ცვლილებების ციკლის“ ნაწილია.
Novaya Gazeta საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის მიერ იყო დაფუძნებული და ის 1990 წლის ნობელის პრემიის ფონდით ფინანსდებოდა. ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ ცენზურა მნიშვნელოვნად გამკაცრდა. Deutsche Welle-ს ცნობით, გამოცემის ხელმძღვანელობას ბოლომდე არ დაუკონკრეტებია, ნიშნავს თუ არა მოსკოვში მუშაობის შეწყვეტა გამოცემის საბოლოო დასასრულს, თუ ისინი საქმიანობის რუსეთის გარეთ გაგრძელებას შეეცდებიან.