მასწავლებელს, რომელიც, სავარაუდოდ, 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე ძალადობდა, ბრალი წარედგინა — „საფარი“
ორგანიზაცია „საფარის“ ცნობით, ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც დაზარალებული 7 წლის იყო, მასზე სექსუალურად ძალადობდა და დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

ორგანიზაცია „საფარის“ ცნობით, ბრალი წარედგინა პირს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბრალდებული კაცი დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
„საფარის“ ინფორმაციით, ორგანიზაციას ერთი წლის წინ ახალგაზრდა ქალმა მიმართა. საქმეზე მუშაობა იურისტმა მარი ვარამაშვილმა დაიწყო. ორგანიზაციის ცნობით, იურისტის ჩართულობით დაზარალებულთან ერთად აქტიურად გროვდებოდა მტკიცებულებები და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რამაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაადასტურა. ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი წარუდგინა.
„საფარი“ საგანგაშოს უწოდებს გარემოებას, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და პატიმრობის შეფარდების საკითხს გადაწყვეტს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.