„ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მაგალითია“ — ღარიბაშვილი პროცესების დახურვაზე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, რომელშიც მის საქმეზე სასამართლო პროცესების დახურვას ეხმაურება და ამ გადაწყვეტილებას „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითს უწოდებს.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, რომლითაც მის საქმეზე სასამართლო პროცესების დახურვას ეხმაურება. ღარიბაშვილის შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს.
როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა. მისი თქმით, 2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სადაც სურდა, საჯაროდ გაეკეთებინა განცხადება მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ, თუმცა ხელისუფლებამ სასამართლო სხდომები სრულად დახურა. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, რაც მის პროცესთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტისა და დისკრიმინაციის გამოვლინებაა.
წერილში ღარიბაშვილი ასევე საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ტერორსა და ზეწოლაზე და აცხადებს, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა უფლება, სასამართლოში საკვანძო მტკიცებულება — შანტაჟის წერილი წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერის საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა დააყენა, რასაც დაცვის მხარე და თავად ღარიბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. საბოლოოდ, მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი დახურა.
პროკურატურა ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. გამოძიების ვერსიით, მან პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას მფარველობა დაჰპირდა, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 750 000 ლარი აიღო. ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტიკური დევნის სამიზნედ მიიჩნევს.