რუსეთ-აშშ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები აბუ-დაბიში
აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი იმართება. მხარეები უსაფრთხოების გარანტიებისა და ტერიტორიული საკითხების განხილვას გეგმავენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იკრიბებიან. Al Jazeera-ს ცნობით, ეს მიმდინარე წელს აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდია. სამმხრივი შეხვედრები სამშაბათსა და ოთხშაბათსაა ჩანიშნული, თუმცა ანალიტიკოსები დიდ პროგრესს არ ელოდებიან.
უკრაინულ დელეგაციას სათავეში უდგას ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი და დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი. რუსულ დელეგაციას ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. კრემლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში ევროპელი ოფიციალური პირები მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა ევროპელმა დიპლომატებმა დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლებიც ადგილზე იქნებიან, ვინაიდან დასავლეთში შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა ისეთი შეთანხმება აიძულოს კიევს, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას შეასუსტებს.
ექსპერტების შეფასებით, ძირითადი უთანხმოება ტერიტორიულ დათმობებსა და უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდება. რუსეთი უკრაინისგან ტერიტორიების შენარჩუნებას ითხოვს. თავის მხრივ, უკრაინა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ცდილობს. ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე შეხვედრებზე ფუნდამენტური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა შესაძლოა გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა ტყვეთა გაცვლა ან ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტა, მსჯელობა შედგეს.