შეიმუშავდეს ან დაზუსტდეს ადვოკატების ჩანაწერების გატანის მკაფიო პროცედურა – ომბუდსმენი მინისტრს
სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობისა და შეუფერხებლად გატანის მიზნით მინისტრ პაატა სალიას რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციით მიმართა პაატა სალიას – შეიმუშაოს ან დააზუსტოს ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების შეტანისა და გატანის მკაფიო პროცედურა.
განცხადების თანახმად, აპარატმა შეისწავლა ადვოკატების განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა პენიტენციური დაწესებულებებიდან პატიმრებთან შეხვედრისას გაკეთებული სამუშაო ჩანაწერების გატანის შეზღუდვას. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის დაცვის მხარის მიერ შემუშავებულ ვერსიებს, მტკიცებულებათა შეფასებასა და მოწმეების დაკითხვის დეტალებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია მკაცრად უნდა იყოს დაცული, ხოლო ადვოკატის პროფესიული ჩანაწერები უნდა გაიმიჯნოს პატიმრის კორესპონდენციისგან და მათზე კორესპონდენციისთვის დადგენილი წესები ავტომატურად არ უნდა გავრცელდეს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა ღონისძიებები უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ საფუძველს და იყოს აუცილებელი და პროპორციული, რათა არ შეიზღუდოს პროფესიული საიდუმლოება და დაცვის უფლება. 7 ოქტომბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ადვოკატს ციხიდან პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს.
საპასუხოდ, პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის შემოწმების საკითხი და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი. 10 ოქტომბერს პაატა სალიამ განმარტა, რომ პრაქტიკა ორ საკითხს უკავშირდება – ერთის მხრივ, ეს შესაძლოა აფერხებდეს ადვოკატის საქმიანობასა და კონფიდენციალურობას, მეორეს მხრივ კი არსებობს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების საკითხი, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ პრაქტიკით ბოროტად ისარგებლეს.