შოიგუ: საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ „პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება“ აღკვეთა.
როგორც შოიგუმ დსთ-ის წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება დაიწყო. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ხაზი გაუსვა „3+3“ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლების მნიშვნელობას.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს. საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია უმჯობესდება და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება შედეგებს იძლევა.