09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საერთაშორისო · 2026-11-09

მოსკოვი ენერგიას ჩვენს დასაშანტაჟებლად იყენებდა, ეს დასრულდა – სანდუ

მოლდოვაში ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი გაიხსნა, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპულ ელექტროქსელთან აკავშირებს. პრეზიდენტ მაია სანდუს და ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ეს პროექტი აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულებას ასრულებს.

UNOPRESS · 2026-11-09 09:58 UTC
მოსკოვი ენერგიას ჩვენს დასაშანტაჟებლად იყენებდა, ეს დასრულდა – სანდუ

მოლდოვაში ოფიციალურად გაიხსნა ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს. გახსნის ცერემონია კიშინიოვში გაიმართა და მას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი დაესწრნენ.

მარტა კოსის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის გახსნით მოლდოვის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე რეალურად დასრულდა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, არცერთ ქვეყანას არ ექნება იმის საშუალება, რომ ენერგიის წყაროები მოლდოვისთვის საკუთარი პირობების კარნახის მიზნით გამოიყენოს.

თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგიას მათი ქვეყნის დასაშანტაჟებლად იყენებდა. მისი თქმით, ეს დასრულდა, რადგან მოლდოვა რუსულ გაზს ნულოვანი ოდენობით ყიდულობს, რუმინეთის მიმართულებით კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზი კი გზაშია.

„ათწლეულების განმავლობაში, ენერგია გამოიყენებოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად. ყოველ ჯერზე, როდესაც მოლდოვა ირჩევდა ისეთ გზას, რომელიც განსხვავდებოდა მოსკოვის სურვილისგან, გვემუქრებოდნენ, რომ შუქისა და სითბოს გარეშე დავრჩებოდით“, – განაცხადა სანდუმ და დასძინა, რომ რუმინეთთან კიდევ ორი ახალი ურთიერთდაკავშირება – ბელცი-სუჩავა და შტრაშენი-გუტინაში იგეგმება.

158-კილომეტრიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ელექტროენერგიის პირდაპირ რუმინეთიდან კიშინიოვში მიწოდების საშუალებას იძლევა, დნესტრისპირეთის რეგიონში მდებარე მოლდავური სრეს-ის გვერდის ავლით. მოლდოვის მთავრობის ცნობით, ხაზის აგების პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821401/

← მთავარ გვერდზე