დრონის თავდასხმამ ერაყში, ქორ-მოსის გაზის საბადოზე, წარმოება შეაჩერა
თავდასხმის შედეგად ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქურთისტანის რეგიონის 70 პროცენტზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში მდებარე ქორ-მოსის გაზის საბადოზე დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ობიექტზე ხანძარი გამოიწვია და რეგიონს ელექტრომომმარაგება შეუწყვიტა. ამის შესახებ ერაყელი და ქურთი ოფიციალური პირები იძლევიან ინფორმაციას. Al Jazeera-ს ცნობით, კვირა საღამოს მომხდარი თავდასხმის შედეგად ქურთისტანის რეგიონის 70 პროცენტზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არავის აუღია და უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ინციდენტი აშშ-სა და ისრაელის ომს ირანთან. Al Jazeera-ს ფაქტების გადამმოწმებელმა სააგენტო Sanad-მა დაადასტურა სულეიმანიას პროვინციაში მდებარე გაზის საბადოს მიმდებარე ტერიტორიიდან ამომავალი კვამლისა და ცეცხლის ამსახველი კადრები. ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ელექტროენერგიის სამინისტროს პრესსპიკერმა, ომიდ აჰმედმა, ოფიციალური სააგენტო INA-ს ცნობით, განაცხადა, რომ თავდასხმამ შეაჩერა გაზის მიწოდება ერბილის, სულეიმანიას, ბაზიანის, ჩამჩამალისა და დუხოკის ელექტროსადგურებისთვის. მისი თქმით, დარტყმის შედეგად ენერგოქსელიდან 2 500-დან 2 800 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროენერგიის გენერაცია გამოირთო. სამინისტრო გეგმავს კრიტიკული ობიექტების, მაგალითად საავადმყოფოებისა და წყალწმენდილი ნაგებობების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ალტერნატიულ საწვავზე მომუშაო და ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით. ბაღდადიდან მომუშავე უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი ქორ-მოსის გაზის საცავის ობიექტს მოხვდა, რამაც ენერგოქსელის სიმძლავრე 70-80 პროცენტით შეამცირა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ განაცხადა, რომ პირველადი შეფასებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ალ-ზაიდიმ ასევე გასცა განკარგულება, ქურთისტანის რეგიონის შესაბამის უწყებებთან ერთად, ერთობლივი საგამოძიებო კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელიც ინციდენტის გარემოებებს შეასწავლის. აღნიშნული თავდასხმა რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე განხორციელდა. მსგავსი დრონით დარტყმა გასულ წელსაც განხორციელდა იმავე ობიექტზე, რა დროსაც პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.