მოლდოვამ რუსეთზე ენერგომოხარკეობის შესამცირებლად რუმინეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი გახსნა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუმინეთის მიმართულებით კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზი იგეგმება.

მოლდოვამ ოფიციალურად გახსნა რუმინეთისა და ევროპულ ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას რუსულ ენერგიაზე. „ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგიას შანტაჟისთვის იყენებდა“, — განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ ქვეყანა რუსულ ბუნებრივ აირს აღარ ყიდულობს.
400-კილოვოლტიანი ძაბვის ხაზი ვულკანეშტიდან დედაქალაქ კიშინიოვამდე ვრცელდება. პროექტის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სანდუმ აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა აძლიერებს გადამცემ სიმძლავრეებს, აფართოებს მომმარაგებელი წყაროების დივერსიფიკაციას და ამყარებს კავშირს ევროპულ ენერგოსისტემასთან. მისივე თქმით, რუმინეთის მიმართულებით კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზია დაგეგმილი.
ღონისძიებას ესწრებოდა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, რომლის განცხადებითაც, მოლდოვას ახლა შესაძლებლობა აქვს, ენერგია იქ შეიძინოს, სადაც ის ყველაზე იაფია. ახალი ხაზის მეშვეობით მოლდოვა შეძლებს, შეამციროს დამოკიდებულება დნესტრისპირეთში მდებარე კუჩურგანის თბოელექტროსადგურზე.
მოლდოვური მხარის ცნობით, „ენერგოდამოუკიდებლობის ხაზის“ სახელით ცნობილი პროექტი ორი წლით დაგვიანებით ამოქმედდა. Al Jazeera-ს ცნობით, გასულ თვეში მოლდოვის პარლამენტმა მთავრობის თხოვნით საგანგებო მდგომარეობა დაამტკიცა, რათა გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გაზის დეფიციტთან დაკავშირებული სირთულეები შეემსუბუქებინათ.