ირანის მიერ NPT-დან შესაძლო გასვლის საკითხი – მეჯლისის დეპუტატის განცხადება
ირანის პარლამენტის დეპუტატის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან მუქარის გაგრძელების შემთხვევაში, ირანის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან (NPT) შესაძლო გასვლის საკითხი მეჯლისში განიხილება.

საინფორმაციო სააგენტო Mehr News-ის ცნობით, ირანის ისლამური კონსულტაციის საბჭოში (მეჯლისში) ყუმის მოსახლეობის წარმომადგენელმა, მოჯთაბა ზოლნურიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან მუქარის და არსებული ვითარების გაგრძელების ფონზე, შესაძლებელია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან (NPT) ირანის გასვლის საკითხი დაისვას და პარლამენტში განიხილებოდეს. მისი თქმით, ირანი გადაწყვეტილებების მიღებისას ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას დაეყრდნობა. ზოლნურიმ ასევე კრიტიკა გამოთქვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) საქმიანობაზე. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის თავდაცვით და სარაკეტო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ირანი მზადაა ნებისმიერი მტრული ქმედების საპასუხოდ. მისი თქმით, ირანის სარაკეტო შესაძლებლობები საშუალებას იძლევა, ოთხ ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარე სამიზნეები, მათ შორის ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა, იქნას მიღწეული.