ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 112-ზე მეტი დაშავდა
ეგვიპტეში, გიზას პროვინციაში მატარებლების შეჯახებას მინიმუმ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 112-ზე მეტი დაშავდა.

ეგვიპტეში, კაიროს მახლობლად, გიზას პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა და 112-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უცხოური მედია იტყობინება.
რკინიგზის უწყების ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გიზადან ფაიუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი კაიროდან ასუანის მიმართულებით მიმავალ და ლიანდაგზე გაჩერებულ სხვა შემადგენლობას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ვაგონები რელსებიდან გადავიდა და ნაწილი ამოტრიალდა. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი მატარებლის მძღოლიც არის.
ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა და სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა. დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ადგილობრივი კლინიკები კი განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. პროკურატურამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა იმატოს.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატახ ალ-სისიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მან უკვე გასცა სახელმწიფო უწყებებისადმი დავალება, გამოიძიონ მომხდარის გარემოებები და პასუხისმგებლობა დააკისრონ ყველა იმ პირს, ვინც დაუდევრობაში იქნება მხილებული.
შემთხვევა ალ-აიათის რაიონში, კაფრ ამმარსა და ალ-რაქკას სადგურებს შორის მოხდა. როგორც მედია აღნიშნავს, ეს ზონა ისტორიულად დაკავშირებულია ეგვიპტის უმძიმეს სარკინიგზო ტრაგედიასთან, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე 2002 წელს მოხდა და რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.