გადი აიზენკოტი ისრაელის მომავალ მთავრობაში ბენიამინ ნეთანიაჰუს შესვლას არ გამორიცხავს
ისრაელის პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერს ახალი მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაავალა.

ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, გადი აიზენკოტმა, რომელსაც პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისგან ქვეყნის მომავალი მთავრობის ჩამოყალიბების ოფიციალური მანდატი გადაეცა, განაცხადა, რომ მზადაა, კოალიციაში პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიღოს. იერუსალიმში, პრეზიდენტის ოფისში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, აიზენკოტმა აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩის შემოსვლასაც მიესალმება.
აიზენკოტს მთავრობის შესაქმნელად ექვსი კვირა აქვს. პრეზიდენტმა ჰერცოგმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე და აღნიშნა, რომ ისრაელს სტაბილური მთავრობა სჭირდება. „ალ ჯაზირას“ ცნობით, ოქტომბრის არჩევნებში აიზენკოტის ალიანსმა 48 ადგილი მოიპოვა, ხოლო ნეთანიაჰუს ბლოკმა - 53, თუმცა არცერთმა მხარემ არ მიიღო პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭირო 61 მანდატი.
მიუხედავად იმისა, რომ არაბული პარტიები აიზენკოტს უჭერდნენ მხარს, მან არაბულ პარტიებთან მთავრობის შექმნა გამორიცხა. „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტის შეფასებით, ნეთანიაჰუს კვლავ აქვს დრო, რომ აიზენკოტის მცდელობებს ხელი შეუშალოს, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში ახალი არჩევნები დაინიშნება, სადაც ნეთანიაჰუ მოვალეობის შემსრულებელ პრემიერ-მინისტრად დარჩება.