ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდს აღწევს
ეგვიპტეში, გიზას პროვინციაში მომხდარი მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ მომხდარის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.

ეგვიპტეში, კაიროს მახლობლად მდებარე გიზას პროვინციაში, მატარებლების შეჯახებას მინიმუმ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა ასს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც გიზადან ფაიუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი კაიროდან ასუანის მიმართულებით მიმავალი შემადგენლობის ბოლო ვაგონს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მატარებელი რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა.
შემთხვევის ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა, ასევე სამაშველო ჯგუფები და ამწეები გაიგზავნა რკინიგზის ხაზის გასაწმენდად და მოძრაობის აღსადგენად. ოფიციალური პირების ცნობით, ავარიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იგი მომხდარს დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს და უკვე გასცა საგამოძიებო უწყებებისთვის დავალება, დაუყოვნებლივ ჩაატარონ გამოძიება და მკაცრად პასუხი აგონონ ყველა იმ პირმა, ვინც უსაფრთხოების ნორმების დაცვაში დაუდევრობა გამოიჩინა.
ალ-აიათის რაიონი, სადაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, წარსულშიც არაერთ მსხვილ სარკინიგზო კატასტროფას ინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეგვიპტემ მილიარდობით დოლარი დახარჯა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ქვეყნის მოძველებული სარკინიგზო ქსელი კვლავ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას.