ირანმა იანვრის პროტესტების დროს „შეიარაღებული არეულობის“ ბრალდებით სამი პირი სიკვდილით დასაჯა
სახელმწიფო მედიის ცნობით, ჰასან დიობანდი, ჰამიდ კაზემი და რეზა ზანგანეჰი იანვარში გამართული ანტისამთავრობო აქციების დროს შეიარაღებულ არეულობაში იყვნენ ბრალდებულნი.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყანაში სამი პირი სიკვდილით დასაჯეს, რომლებსაც იანვრის ანტისამთავრობო პროტესტის დროს შეიარაღებულ არეულობაში ედებოდათ ბრალი. სახელმწიფო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ჰასან დიობანდი, ჰამიდ კაზემი და რეზა ზანგანეჰი თეირანის დასავლეთით მდებარე ქალაქ ქარაჯში მოლოტოვის კოქტეილებისა და ყუმბარების სროლაში, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში, ასევე საჯარო ობიექტების დაწვაში იყვნენ ბრალდებულნი.
Tasnim-ის ცნობით, ეს პირები მას შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, რაც უზენაესმა სასამართლომ მათი განაჩენი ძალაში დატოვა. მათ ბრალად ედებოდათ „ისრაელის სიონისტური რეჟიმის, შეერთებული შტატების და მტრული ჯგუფების სასარგებლოდ ოპერატიულ საქმიანობაში მონაწილეობა“. ბრალდების თანახმად, ზიანი მიადგა ქარაჯში მდებარე ელექტროსადგურსაც, რამაც ზოგიერთ უბანში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
გამოცემის ცნობით, დიობანდი 11 იანვარს დააკავეს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ იგი საჯარო ქონებაზე თავდასხმისა და ძალადობისკენ მოწოდების საქმეზე ეჭვმიტანილად გამოავლინა. მის ხელმძღვანელობით არეულობაში მონაწილეობაში ბრალდებული კიდევ ათი პირი მოგვიანებით დააკავეს, რომლებსაც სააგენტო Reuters-ის ცნობით, 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
იანვრის საპროტესტო აქციები, რომლებიც დეკემბერში ცხოვრების მაღალი ღირებულების გამო დაიწყო, მასობრივ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა და 8-9 იანვარს პიკს მიაღწია. ირანის ხელისუფლების მტკიცებით, ძალადობა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ორგანიზებულმა „ტერორისტულმა აქტებმა“ გამოიწვია. თავის მხრივ, უცხოეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო მაღალ მონაცემებს აქვეყნებენ, ხოლო BBC-მ ირანელებისგან მიიღო მრავალი ცნობა იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ძალები დაუარაღებელ მომიტინგეებს ცეცხლს უყრიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევები გაიზარდა თებერვლის ბოლოს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ.