აშშ-ის ახალი სამხედრო დანაყოფი ირანის მიერ შეიარაღების ტრანსპორტირების აღკვეთას ისახავს მიზნად
ესკალაციის ფონზე, ვაშინგტონმა „Task Force Iron Gate“-ის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც ირანის სახმელეთო მარშრუტებისა და კასპიის ზღვის გავლით სამხედრო მომმარაგებელი ქსელების შეზღუდვაა.

ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის ზრდასთან ერთად, ვაშინგტონი თეჰრანის სამხედრო მომმარაგებელი ქსელების შეზღუდვას აფართოებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ახალი დანაყოფი, სახელწოდებით Task Force Iron Gate, მიზნად ისახავს ირანის მიერ სახმელეთო მარშრუტებისა და კასპიის ზღვის გავლით მოწინავე იარაღისა და სხვა მასალების ტრანსპორტირების აღკვეთას.
ფლორიდის შტატში, ტამპაში განთავსებული დანაყოფი სხვა სამთავრობო უწყებებთან ითანამშრომლებს, რათა თავიდან აიცილოს მოწინავე შეიარაღების სისტემების, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, სანქცირებული მასალებისა და არალეგალური შემოსავლების გადაადგილება ირანის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაში. CENTCOM-ის მეთაურის, ადმირალ ბრედ კუპერის თქმით, ეს დანაყოფი ზღვაზე ირანის წინააღმდეგ არსებული ბლოკადის წარმატებას გაამყარებს.
Al Jazeera-სთან საუბარში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა თანაშემწემ, მაიკლ მალროიმ განაცხადა, რომ დანაყოფი შეეცდება დაადგინოს, საიდან შემოდის სავარაუდო იარაღის სისტემები და როგორ შეიძლება მათი შეჩერება. მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომს გაააქტიურებს, სამიზნეები შესაძლოა ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაუმიზნდეს, რათა რეჟიმი საბრძოლო და დაფინანსების შესაძლებლობებს მოწყდეს.
თავის მხრივ, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) აშშ-ის ეს გეგმა „სიტყვების თამაშად“ შეაფასა. IRGC-ის წარმომადგენელმა სარდარ მოჰებიმ განაცხადა, რომ ამერიკელები მიზანს ვერ მიაღწევენ და ეკონომიკურ ზეწოლას ვერ გამოიწვევენ.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალმა დანაყოფმა შესაძლოა რუსეთთან მიმართებაშიც გამოიწვიოს დაძაბულობა, რადგან გავრცელებული ცნობებით, რუსეთი კასპიის ზღვის გავლით ირანს დრონის კომპონენტებს და ასაფეთქებელ ნივთიერებებს უგზავნის. კატარის უნივერსიტეტის პროფესორმა მაჰჯუბ ზვეირიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს კასპიის ზღვაზე სამხედრო ყოფნა არ გააჩნია და მეზობელი ქვეყნების თანამშრომლობის გარეშე ეს მისია რთული იქნება, რადგან ქვეყნებს რუსეთის განაწყენება არ სურთ.
ამავდროულად, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის მკვლევარმა რამი ხურიმ განაცხადა, რომ ირანის ათასწლიანი სავაჭრო კავშირების გათვალისწინებით, აშშ-ის ეს მისია პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან რეგიონში მრავალი ადამიანი და კომპანიაა დაკავშირებული ირანთან.