პოლონეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გლოვა გრძელდება, ხელისუფლება საქმეს ტერორიზმის მუხლით იძიებს
პოლონეთში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა კრაკოვში ექვსი ადამიანი მოკლა. სამართალდამცავების განცხადებით, ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

პოლონეთში ორდღიანი ეროვნული გლოვა დაიწყო მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა ცენტრალურ კრაკოვში ექვსი ადამიანი მოკლა. ეროვნული პროკურატურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება ტერორიზმის მუხლით.
24 წლის პოლონელმა ეჭვმიტანილმა ცეცხლი შაბათს, კრაკოვის ისტორიული ცენტრის ტერიტორიაზე გახსნა. პოლიციის ცნობით, მოკლულებს შორის ბრიტანეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებულებს შორის, საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, არიან ავსტრიის, ბრიტანეთის, გერმანიის, პორტუგალიისა და რუსეთის მოქალაქეები.
მოგვიანებით, ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში, ქალაქ ოსტროვეც-სვიენტოკჟისკიში, კიდევ სამი ცხედარი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ეჭვმიტანილის მშობლები და და არიან. თავად ეჭვმიტანილი პოლიციის ოპერაციის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
პოლონეთის ეროვნული პროკურატურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ექვსი ადამიანის მკვლელობისა და მრავალი სხვა პირის, მათ შორის პოლიციელების მიმართ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, რაც ტერორისტულ დანაშაულს წარმოადგენს.
პროკურატურის სპიკერის, დანიელ პროკოპოვიჩის თქმით, ძალზე სავარაუდოა, რომ ოსტროვეც-სვიენტოკჟისკისა და კრაკოვში მომხდარი მკვლელობები ერთი და იმავე პირის მიერაა ჩადენილი, თუმცა გამოძიება გრძელდება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილს მოქმედი იარაღის ლიცენზია ჰქონდა და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელზე გავლენას ახდენდა უკიდურესი მემარჯვენე და ულტრანაციონალისტური იდეოლოგიები.
კრაკოვის მთავარი საბაზრო მოედანი და მიმდებარე ქუჩები დაკეტილი რჩება. დაღუპულთა მოსახსენიებლად ქალაქის მერიის შენობაზე დროშები დაუშვეს, მოქალაქეები კი სანთლებს ანთებენ.