09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საქართველო · 2026-11-08

მშობლების ინფორმაციით, ვეკუას სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა შენობას, ჯერჯერობით, არ შეიცვლის. მშობლების ინფორმაციით, სკოლის უსაფრთხოება გაძლიერდება, რაც რამდენიმე საკლასო ოთახის ჩაკეტვას, ადმინისტრაციული ოთახების გამოყენებასა და მანდატურების დამატებას გულისხმობს.

UNOPRESS · 2026-11-08 18:38 UTC
მშობლების ინფორმაციით, ვეკუას სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა სასწავლო პროცესს იმავე შენობაში განაგრძობს. 8 ნოემბერს სკოლაში მშობლებსა და ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის პარალელურად სკოლის გარეთ მოსწავლეები საპროტესტო ბანერებით იყვნენ შეკრებილნი.

როგორც მშობლებმა განაცხადეს, მათ განათლების სამინისტროს წარმომადგენლის, ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლალი კალანდაძის შეტყობინება გაეცნოთ. მესიჯის თანახმად, ფართის მოძიებას დრო დასჭირდა, სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამხარაულის ბიუროს სიღრმისეული ანალიზისთვის დამატებითი მოთხოვნა გაეგზავნოს და პროცესში ექსპერტები ჩართონ.

სამინისტროს ინფორმაციითვე, სანამ ახალი ფართი ან სიღრმისეული დასკვნა იქნება, სწავლის პროცესი სკოლის შენობაში გაგრძელდება. ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერდება უსაფრთხოება: ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები და დაემატებიან მანდატურები.

თავად სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, უახლოეს ერთ კვირაში შემჭიდროვებული საათობრივი დატვირთვით ახალი საგაკვეთილო ცხრილი შემუშავდება. გარდა ამისა, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სკოლა 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში დაიწყებს, რომლის სარემონტო სამუშაოების მონიტორინგისთვის მშობლების საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821340/

← მთავარ გვერდზე