ისრაელის პრეზიდენტმა ახალი მთავრობის შესაქმნელად ბენიამინ ნეთანიაჰუს ნაცვლად გადი აიზენკოტი შეარჩია
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ოპოზიციის ლიდერს, გადი აიზენკოტს ახალი მთავრობის შესაქმნელად ოფიციალურად 28-დღიანი ვადა მისცა, რათა ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალოს.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის მომავალი მთავრობის შესაქმნელად „იეშარის“ პარტიის ლიდერი, არმიის ყოფილი უფროსი გადი აიზენკოტი შეარჩია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჰერცოგმა ეს გადაწყვეტილება აიზენკოტს შაბათს საღამოს აცნობა, ხოლო ოფიციალური მანდატის გადაცემის ცერემონია კვირას გაიმართება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტის კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერცერთმა მხარემ უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
არჩევნებზე აიზენკოტის ოთხპარტიულმა ალიანსმა 48 ადგილი მოიპოვა, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე და რელიგიურმა ბლოკმა — 53 ადგილი. კნესეტში უმრავლესობისთვის 61 მანდატია საჭირო. პარლამენტში არაბი ამომრავლების წარმომადგენელმა პარტიებმა რეკორდული, 19 ადგილი მიიღეს. კონსულტაციების შედეგად, აიზენკოტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასანიშნად 67-მა კანონმდებელმა, მათ შორის არაბული პარტიების წარმომადგენლებმა დაუჭირა მხარი, ხოლო ნეთანიაჰუს კანდიდატურას 46-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მანდატის მიღების შემდეგ, აიზენკოტს მთავრობის შესაქმნელად 28 დღე ექნება, პოტენციური 14-დღიანი გაგრძელების შესაძლებლობით. ისრაელის მედიისა და წყაროების ცნობით, კოალიციის ჩამოყალიბება რთული იქნება. აიზენკოტმა ადრე გამორიცხა არაბულ პარტიებთან მთავრობის ფორმირება, თუმცა მანდატის მოსაპოვებლად მას რთული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ აიზენკოტი მთავრობის შექმნას ვერ შეძლებს, პრეზიდენტი სხვა კანდიდატს წარადგენს, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება.