აზერბაიჯანული SOCAR აშშ-ში 1.65 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგეტიკული აქტივების შეძენას გეგმავს
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა 1.65 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ინფრასტრუქტურის აქტივებში წილებს შეიძენს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერა 1.65 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებას, რომლის თანახმადაც აშშ-ში ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ინფრასტრუქტურის აქტივებში წილებს შეიძენს. ეს ამერიკის ენერგეტიკულ ბაზარზე კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვან გაფართოებას ნიშნავს.
პროსამთავრობო მედია APA-ს ინფორმაციით, SOCAR-მა აშშ-ის ენერგოკომპანია Comstock-თან საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულება 4 ნოემბერს გააფორმა. შეთანხმების თანახმად, კომპანია Legacy Haynesville-ის პროექტის მოპოვებით აქტივებში 20%-იან წილს, ხოლო Western Haynesville-ის პროექტის მოპოვებით აქტივებში 15%-იან წილს შეიძენს. გარიგება ასევე ითვალისწინებს Comstock-ის კუთვნილ Pinnacle Gas Services LLC-ის 73%-იან წილში 15%-იანი წილის შეძენას, ოპერირების მართვის უფლების გარეშე.
გარიგების საერთო ღირებულება 1.65 მილიარდი დოლარია, თუმცა საბოლოო თანხა შესაძლოა ჩვეულებრივი შესყიდვის ფასის კორექტირების პროცედურების შედეგად შეიცვალოს. გარიგების ამოქმედების თარიღად 2026 წლის 1 ივლისია განსაზღვრული. თუმცა, შეთანხმება ჯერ საბოლოოდ გაფორმებული არ არის და მხარეები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანხმობასა და სხვა სამართლებრივი პროცედურების დასრულებას ელოდებიან.
ბოლო წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე საკუთარ პოზიციებს აძლიერებდა, უახლესი შეთანხმებით კი საქმიანობას ევროპის ფარგლებს გარეთაც აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ SOCAR არ არის პირველი აზერბაიჯანული ენერგოკომპანია, რომელმაც აშშ-ში მოპოვებითი აქტივები შეიძინა. 2026 წლის ივლისში კერძო კომპანია GL Group-მა ტეხასის შტატში ნავთობისა და გაზის საბადოებზე არსებული აქტივები იყიდა.