09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
რუსეთი · 2026-11-07

„სახიფათოა“ — ზელენსკი ტრამპის ინიციატივაზე, გაფორმდეს შეთანხმება რუსეთსა და ევროპას შორის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და ევროპას შორის შესაძლო შეთანხმება სახიფათოა. ტრამპის ინიციატივა ევროპაშიც უარყვეს.

UNOPRESS · 2026-11-07 09:44 UTC
„სახიფათოა“ — ზელენსკი ტრამპის ინიციატივაზე, გაფორმდეს შეთანხმება რუსეთსა და ევროპას შორის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთსა და ევროპას შორის შესაძლო შეთანხმება შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს. მისი თქმით, ინიციატივის დეტალები მისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პირველ რიგში უკრაინაში ომის დასრულების საკითხი უნდა გადაწყდეს, უსაფრთხოების გარანტიები კი შემდეგ იქნას განხილული. მისი განცხადებით, როდესაც რუსები საუბრობენ არა იმაზე, როგორ დასრულდეს ომი, არამედ უსაფრთხოების ახალ ინფრასტრუქტურაზე ევროპაში, ეს სახიფათოა.

„ეს ევროკავშირისთვის უფრო საშიშია, ვიდრე ჩვენთვის... ჩვენ არ გვსურს, „იალტა 2“ მოხდეს, არ გვინდა, რომ რუსეთის მიერ ვიყოთ დაყოფილები“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ძირითადი საკითხია.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე, რომელიც შესაძლოა მთელ ევროპას მოიცავდეს. ტრამპის თქმით, უკრაინა და რუსეთი პირველად გამოთქვამენ მზადყოფნას, კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები გამართონ, და სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში იგეგმება. ტრამპს ინიციატივის დეტალები არ დაუკონკრეტებია; განცხადება მან ვლადიმირ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ტრამპის ინიციატივა ევროპაში უარყვეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპას უკვე აქვს უსაფრთხოების არქიტექტურა და პუტინს ევროპის უსაფრთხოებაზე ვეტოს უფლება არ აქვს. მისი პოზიცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმაც გაიზიარა და აღნიშნა, რომ ევროპის მონაწილეობის გარეშე მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება პოლიტიკურად მიუღებელი და პრაქტიკულად განუხორციელებელი იქნება.

წყარო: https://publika.ge/sakhifatoa-zelenski-trampis-iniciativaze-gaformdes-shetankhmeba-rusetsa-da-evropas-shoris/

← მთავარ გვერდზე