აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს
აფხაზეთში ქართული წიგნის, „გატეხილი ხიდის“ გარშემო აგორებული სკანდალის გამო, დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ავტორს და რამდენიმე პირს აფხაზეთში შესვლა აუკრძალა.

აფხაზეთში ქართული წიგნის, „გატეხილი ხიდის“ («Сломанный мост») გარშემო სკანდალი აგორდა, რომელიც 1992-1993 წლების ომსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხება. „ვექტორ კავკაზას“ ინფორმაციით, დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო „აიაშარამ“ განაცხადა, რომ წიგნს გალის რაიონში ახალგაზრდებსა და სოფლის სკოლების მასწავლებლებს ურიგებდნენ, და მისი ავტორი ისტორიის დამახინჯებაში დაადანაშაულა.
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა 4 ნოემბერს დაადასტურა, რომ წიგნის ხუთი ეგზემპლარი ჯერ კიდევ 18 აგვისტოს, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. უწყების გადაწყვეტილებით, წიგნის ავტორს, ნუგზარ სართანიას, და გამოცემის მომზადებასა და დაბეჭდვაში დახმარების გამწევ პირებს აფხაზეთში შესვლა აეკრძალათ.
როგორც „ვესტი კავკაზა“ წერს, გამოცემა საქართველოში ქართულ და რუსულ ენებზე, 250-ეგზემპლარიანი ტირაჟით დაიბეჭდა. ავტორი ნუგზარ სართანია წლების განმავლობაში ენგურჰესის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „აიაშარას“ შეფასებით, წიგნში 1992-1993 წლების ომი ძირითადად საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებად არის წარმოჩენილი, უარყოფილია კონფლიქტის ქართულ-აფხაზური ხასიათი, ხოლო მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. სააგენტო ამგვარ ინტერპრეტაციას იდეოლოგიურ პროპაგანდად აფასებს.
დე ფაქტო სუს-ის ცნობით, წიგნის ეგზემპლარები საქართველოდან შესულ Mercedes Vito-ს მარკის ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელსაც ენგურჰესის თანამშრომელი, გალის რაიონის სოფელ აბააქითის მცხოვრები ავთანდილ ბერაია მართავდა. მისი განმარტებით, წიგნები ავტორის თხოვნით გადაჰქონდა და ბერაიასთან პროფილაქტიკური საუბარი ჩატარდა.
„ვექტორ კავკაზას“ ცნობით, ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებელი წიგნის მთელი ტირაჟის კონფისკაციასა და განადგურებას, ასევე სისხლისსამართლებრივ დევნას მოითხოვს, კომენტარების ნაწილში კი გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის შეზღუდვებისა და დეპორტაციის მოთხოვნებიც გაჩნდა.