პარაგვაის სენატმა პრეზიდენტი სანტიაგო პენა საბანკო კრიზისის გამო თანამდებობიდან გადააყენა
პარაგვაის სენატმა ქვეყნის პრეზიდენტი სანტიაგო პენა საბანკო კრიზისის ფონზე იმპიჩმენტით გადააყენა. კრიზისი ციფრული დამსესხებლის, Ueno-ს კოლაფსმა გამოიწვია, რის შედეგადაც მილიონობით მოქალაქეს ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

პარაგვაის სენატმა პრეზიდენტი სანტიაგო პენა საბანკო კრიზისის ფონზე თანამდებობიდან გადააყენა. Deutsche Welle-ს ცნობით, სენატორებმა პენა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დამნაშავედ სცნეს. მიუხედავად იმისა, რომ პენამ გადადგომის შესახებ უკვე განაცხადა, სენატმა მისი იმპიჩმენტი ამჯობინა, რის შედეგადაც იგი ყოფილი პრეზიდენტებისთვის მინიჭებული იმუნიტეტისა და სამუდამო სენატორის მანდატის გარეშე დარჩა.
გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურამ პენასა და ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლოს კარვალოს დაკავება ბრძანა. მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პენა შინაპატიმრობაში იმყოფება. დედაქალაქ ასუნсьონში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციები გაიმართა.
კრიზისი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული ბანკის, Ueno-ს კოლაფსს მოჰყვა. ბანკის ანგარიშები გაიყინა, რამაც მილიონობით მომხმარებელს დანაზოგებზე წვდომა შეუზღუდა. Ueno-ში ასევე განთავსებული იყო ასობით მილიონი დოლარის ოდენობის საჯარო სახსრები და პენსიები. კანონმდებლებმა პენას ბრალი დასდეს ინტერესთა კონფლიქტში, საპენსიო ფონდების არასწორად გამოყენებასა და ინსტიტუციურ დაფარვაში. ოპოზიციონერმა და მმართველი პარტიის დისიდენტმა კანონმდებლებმა დეპუტატთა პალატას იმპიჩმენტის მუხლები წარუდგინეს.
ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ბანკის დახურვის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგინდა, რომ მისი სოლვენტობის კოეფიციენტი დადგენილ მინიმუმზე დაბალი იყო. ძალოვანი უწყებების ცნობით, დაკავებულია ბანკის რვა ხელმძღვანელი პირი, მათ შორის დამფუძნებელი მიგელ ვასკესი და პრეზიდენტი ხუან მანუელ გუსტალე. პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 27 თანამშრომელსა და ბიზნესპარტნიორს.
პენას თანამდებობაზე ვიცე-პრეზიდენტი პედრო ალიანა ჩაანაცვლებს, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2028 წლის აგვისტომდე იმსახურებს.