ევროკომისია ადასტურებს, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველო ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული
ევროკომისიის ცნობით, ბრიუსელში დაგეგმილ უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველო სხვა მონაწილეებთან შედარებით უფრო დაბალი დონის წარმომადგენლობით არის მიწვეული.

ევროკომისიამ გამოცემა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ ბრიუსელში 16 ნოემბერს დაგეგმილ უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული. ევროკომისიაში ხაზს უსვამენ, რომ რეგიონული დაკავშირებადობის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიწვევა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას არ ნიშნავს.
როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა კვლავ შეზღუდულ დონეზე დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსის შეცვლის მტკიცე ერთგულებას არ გამოავლენს. ევროკავშირის მასპინძლობით გამართულ რეგიონულ შეხვედრებზე საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინებით მიიღება.
აღსანიშნავია, რომ შუა დერეფანს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და რეგიონისთვის, რადგან ის ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ენერგომომარაგების დივერსიფიცირებული მარშრუტია. ევროკავშირი შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობს, თუმცა მიიჩნევს, რომ მარშრუტის წარმატება თითოეული ქვეყნის წვლილზეა დამოკიდებული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტერიალზე საქართველო ისევ დაბალ დონეზეა მიწვეული, თავდაპირველად „ევროსკოპმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. 5 ნოემბერს ამ საკითხს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, „თუ საქართველო რაიმე ღონისძიებაზე ღირსეული ფორმით არ იქნება მიწვეული, რა თქმა უნდა, არ მივლენ“.
მინისტერიალზე საქართველო გასულ წელსაც ელჩის დონეზე იყო მიწვეული და ღონისძიებას მაშინაც არავინ დასწრებია. საქართველო არც დაკავშირებადობის „დღის წესრიგის პლატფორმის“ წარდგენასა და მინისტერიალს დასწრებია, სადაც ასევე ელჩი იყო მიწვეული.