ტრამპისა და პუტინის დიზელის შეთანხმება ფაქტობრივად ჩაიშალა
რუსეთიდან აშშ-ში დიზელის ექსპორტის შესახებ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ფაქტობრივად ჩაიშალა. რუსული საწვავით დატვირთულმა ტანკერებმა მარშრუტი შეცვალეს.

რუსეთის მიერ აშშ-ში დიზელის ექსპორტის შესახებ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ფაქტობრივად ჩაიშალა. დასავლური მედიის შეფასებით, შეთანხმება, რომლის შესახებაც ტრამპმა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ განაცხადა, დასრულებულია. რუსული დიზელით დატვირთულმა სამმა ნავთობტანკერმა, რომლებსაც ამერიკის პორტებში საწვავი უნდა ჩაეტაბათ, მარშრუტი შეცვალეს და აშშ-ის ნაცვლად სხვა მიმართულებით აიღეს გეზი.
Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთიდან აშშ-ში დიზელის ჩასატანად სამი ტანკერი გაემგზავრა: Agioi Fanendes, Talisman და Leruo. მალტის დროშის ქვეშ მცურავი Agioi Fanendes თავდაპირველად აშშ-ის სანაპიროსკენ მიემართებოდა, თუმცა ამჟამად მისი დანიშნულების ადგილად „ბრძანებების მოლოდინშია“ მითითებული. სანქციების სიაში მყოფმა მეორე ტანკერმა, Talisman-მა სანქტ-პეტერბურგის მიმდებარე ტერიტორია დატოვა და გიბრალტარის სრუტის გავლით ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. მესამე ტანკერი Leruo კი ატლანტის ოკეანეში გადაადგილდება და მისი ოფიციალური დანიშნულების ადგილი ბრაზილიაა.
მიუხედავად ამისა, მოსკოვი ტანკერების მარშრუტის შეცვლას უარყოფს. კრემლის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ისკენ მიმავალი ტანკერები კურსს ინარჩუნებენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ეს კომერციული საკითხია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ტანკერების მარშრუტის შეცვლა შესაძლოა უკავშირდებოდეს მყიდველებისთვის არსებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ რისკებსა და აშშ-ის შტატების გუბერნატორების წინააღმდეგობას. მაგალითად, ნიუ-ჯერსის გუბერნატორი პორტებს, რომლებიც რუსულ დიზელს მიიღებდნენ, ჯარიმებით დაემუქრა. გარკვეული როლი შესაძლოა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციებმაც ითამაშა, რის გამოც კომპანიებს სანქციების დარღვევის რისკი არ სურდათ.