სამველ კარაპეტიანმა ახალი ბრალდებები „სასამართლო სირცხვილად“ შეაფასა
ხელახალი დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, სომხეთის უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფის ლიდერმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა მის წინააღმდეგ წამოყენებული ახალი სისხლის სამართლის ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

ხელახალი დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, სომხეთის უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფის ლიდერმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა პარასკევს მის წინააღმდეგ წამოყენებული ახალი სისხლის სამართლის ბრალდებები კატეგორიულად უარყო. კარაპეტანმა ბრალდებებს „სასამართლო სირცხვილი“ უწოდა, როდესაც ის მოკლე კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტებთან იმ დროს, როდესაც სასამართლოში ცალკეულ გადატრიალების საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა.
Azatutyun-ის ცნობით, კარაპეტიანსა და კიდევ 35 პირს ბრალი ოთხშაბათს თაღლითობის, მითვისებისა და ფულის გათეთრების მუხლებით წაუყენეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, კარაპეტიანი ხელმძღვანელობდა „დანაშაულებრივ ჯგუფს“, რომელმაც ძირითადად დივიდენდების სახით, 23 მილიარდ დრამზე მეტი (64 მილიონი აშშ დოლარი) მიითვისა ქვეყნის ეროვნული ელექტროქსელიდან, რომელიც მისსავე კომპანია „ტაშირ კაპიტალს“ ეკუთვნის. კომიტეტის განცხადებით, შედეგად „სომხეთის ელექტროქსელების“ ოპერატორმა 64 მილიარდი დრამი დაკარგა.
ბიზნესმენის თანაშემწეებმა და პოლიტიკურმა მოკავშირეებმა ეს ბრალდებები უარყვეს და აღნიშნეს, რომ მას საკუთარი თავისთვის არაფერი მოუპარავს. „ტაშირის“ მტკიცებით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს რუსული ენერგეტიკული გიგანტისგან „რაო ეეს“-ისგან კომპანია შეიძინა, მან ელექტროქსელებში სულ მცირე 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და ზარალი მკვეთრად შეამცირა, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფები უცვლელი შეინარჩუნა.
კარაპეტიანი პატიმრობაში იმ ოპოზიციური ლიდერების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე აიყვანეს, რომელთაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გეგმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა განეხილათ. ფაშინიანმა დაკავების პოლიტიკური მოტივები ხუთშაბათს უარყო. მიუხედავად ამისა, „ძლიერი სომხეთის“ ალიანსმა და ათზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება მიიღეს და პირობა დადეს, რომ ერთობლივად იბრძოლებენ აზერბაიჯანის მოთხოვნით შემუშავებული კონსტიტუციის წინააღმდეგ.