რუსეთიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდე: ირანი დიპლომატიურ აქტივობას აძლიერებს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო ახალი სამხედრო დარტყმების ფონზე, ირანმა დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიერა და რუსეთთან კავშირები გააღრმაა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, რომ აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები განაახლოს, თეირანმა დიპლომატიური ძალისხმევა მკვეთრად გააძლიერა. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს შესაძლოა ირანის დარჩენილი ნაწილის „განადგურება“ დასჭირდეს.
ირანის უმაღლესი უსაფრთხოების ოფიციალური პირი, მოჰსენ რეზაეი, მოსკოვში ჩავიდა, სადაც შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის წერილი გადასცა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა რუსეთიდან ირანში გაზსადენების მშენებლობის საკითხებიც განიხილეს. Financial Times-ის ცნობით, რუსეთი ასევე გეგმავს ირანისთვის მაღალი სიზუსტის რაკეტების ვერტმფრენიდან გასაშვები დამჭერების მიწოდებას.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბრები გამართა სპარსეთის ყურის ქვეყნების, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, კატარის, თურქეთისა და ომანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან რეგიონში დიპლომატიური ძალისხმევისა და სტაბილურობის საკითხებზე.
როგორც ცნობილია, ყატარელი შუამავლების მეშვეობით თეირანმა აშშ-ს ახალი ბირთვული და სამშვიდობო წინადადება წარუდგინა. თუმცა, ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გახსნისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის აუცილებელია ვაშინგტონმა შვიდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მათ შორის სანქციების მოხსნა და გაყინული აქტივების განთავისუფლება. აშშ-ში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ირანის ბირთვული პოტენციალის საკითხი უნდა შევიდეს.
ირანული მხარე აფრთხილებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს, რომ ახალი აგრესიის შემთხვევაში თეირანი საპასუხო ზომებს მიმართავს და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აშშ-ს დაეხმარება, „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცევა.