აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს 60-ზე მეტი უწყება გაუქმდა
აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული ათობით გზის ექსპლუატაციის უწყება გაუქმდა. ექსპერტების შეფასებით, სტრუქტურული ცვლილებების ფონზე ათასობით თანამშრომლის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა უწყება მასობრივ შეკვეცებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.

Meydan TV-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს (АAYDA) დაქვემდებარებაში მყოფი გზის ექსპლუატაციის უწყებების ლიკვიდაცია დაიწყო. Vergilər.az პორტალზე 25 უწყების გაქმბასთან დაკავშირებით განცხადება განთავსდა, რომელთაგან 21 ჩვეულებრივი, 2 სპეციალური დანიშნულების, ხოლო 2 მაგისტრალური გზების მშენებლობაზე პასუხისმგებელი შპს-ია. რამდენიმე თვის წინ კი კიდევ 42 უწყების გაუქმების შესახებ გამოქვეყნდა განცხადება. ამგვარად, წლის დასაწყისიდან დღემდე 67 უწყების გაუქმების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. სააგენტოს სულ 85-ზე მეტი უწყება ჰქონდა და წლის ბოლომდე დარჩენილი სხვა უწყებების ლიკვიდაციაცაა მოსალოდნელი.
მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ადგილობრივი უწყებების რაოდენობა შემცირდება და რეგიონული სამმართველოები შეიქმნება. უწყებების დახურვის გამო, სავარაუდოდ, მრავალი თანამშრომელი შემცირდება. ამჟამად დაახლოებით 13 ათასი თანამშრომლის სამომავლო ბედი კითხვის ნიშნის ქვეშაა. გავრცელებული ინფორმაციით, წინა წლებშიც ზოგიერთ უწყებაში, მათ შორის „№1 სპეციალური დანიშნულების გზის ექსპლუატაციის“ შპს-სა და სიაზანში მოქმედ „№10 სპეციალური დანიშნულების გზის ექსპლუატაციის“ შპს-ში თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მასობრივ შეკვეცებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს სააგენტომ უპასუხა და ბრალდებები უარყო. უწყებაში განაცხადეს, რომ საკადრო საკითხები შრომის კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება, ხოლო სტრუქტურული რეფორმების მიზანი საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოყენებაა.
გარდა ამისა, პალატის მიერ „საავტომობილო გზების“ მიზნობრივი საბიუჯეტო ფონდის 2024 წლის სახსრების მართვასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტის დროს გზების მშენებლობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ არაასფალტირებული გზების წილი კვლავ მაღალია და ფინანსური დარღვევები დაფიქსირდა. ამასთან ერთად, ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი სახსრების მოცულობაც მცირდება.