„ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ — ზახაროვა თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დადებითად აფასებს მეგობრულ რუსულ-ქართულ ინიციატივებს და თბილისში ინტერესთა სექციის ნაცვლად საელჩოს ქონის სურვილს გამოთქვამს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ დადებითად ეკიდება ყველა „მეგობრულ რუსულ-ქართულ ინიციატივას“ და თბილისში არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის ნაცვლად, საელჩოს ქონის სურვილს გამოთქვამს.
როგორც გამოცემა „ნეტგაზეთი“ იტყობინება, ზახაროვას პრესკონფერენციაზე ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ ინიციატივებზე ჰკითხეს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან ყველა სასარგებლო წამოწყებას, რომელიც საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
„მიგვაჩნია, რომ ახალი ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების შემდგომ გაფართოებაში“, — აღნიშნა მარია ზახაროვამ და დასძინა, რომ ისინი ღია არიან თანამშრომლობისთვის. მისივე თქმით, ამ საკითხზე მსურველებს შეუძლიათ მიმართონ როგორც მათ, ისე საქართველოში არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციას, რაზეც მან განაცხადა: „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“.
მამუკა ფიფია, რომლის ფონდის შესახებაც საუბარი იყო, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. როგორც წყარო აღნიშნავს, იგი საჯარო სივრცეში ცნობილია კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებითა და რუსეთის უკრაინაში წარმოებული ომის მხარდაჭერით.