ოფიციალური სტატისტიკით, 2013-2025 წლებში საზღვარგარეთ ემიგრაციაში საქართველოს 281 ათასი მოქალაქე დარჩა
საქსტატის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყანა მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, უკან კი 775 ათასი დაბრუნდა. მუდმივად უარყოფითი მიგრაციული სალდო 2024 წელს დადებითით შეიცვალა, რისი მიზეზიც წამსვლელთა კლება გახდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2013-2025 წლებში, საზღვარგარეთ ემიგრაციაში საქართველოს 281 ათასი მოქალაქე დარჩა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ხოლო უკან 775 ათასი დაბრუნდა.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, 2020 წლის გამონაკლისის გარდა, როდესაც პანდემიისა და კოვიდრეგულაციების ფონზე ქვეყანაში 67 ათასი მოქალაქე დაბრუნდა და 43 ათასი წავიდა, მიგრაციული სალდო მუდმივად უარყოფითი იყო. 2022 წელს საქართველო 46 ათასით მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, ხოლო 2023 წელს ეს მაჩვენებელი 72 ათასი იყო. 2022 წელს წლიურად ემიგრირებულთა ოდენობამ 100 ათასს, ხოლო 2023 წელს 160 ათასს გადააჭარბა.
ტენდენცია მოულოდნელად 2024 წელს შეიცვალა, როდესაც შსს-ს მიერ საქსტატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა. გამოცემის ცნობით, მიგრაციული მრუდის ეს ცვლილება არ აიხსნება საარჩევნო პროცესებით ან დაბრუნებულთა ზრდით — პირიქით, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს დაბრუნებულთა რაოდენობა 65 ათასამდე შემცირდა და დადებითი სალდო ქვეყნიდან წამსვლელთა კლებამ განაპირობა.
სტატისტიკის თანახმად, 2024-2025 წლებში დაფიქსირებული ცვლილებების მიუხედავად, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები, როგორიცაა შემცირებული ხელფასის ზრდის ტემპი და 2025 წელს დასაქმებულთა 13 ათასით შემცირება, მიგრაციული მრუდის მკვეთრ ცვლილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით ჯამური უარყოფითი სალდო 281 ათასს შეადგენს.