სომალის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის ვადის გაგრძელება უკანონოდ ცნო
ქვეყანაში 1969 წლის შემდეგ პირველი საყოველთაო არჩევნები მომავალ წელსაა დაგეგმილი, თუმცა ახალმა პოლიტიკურმა კრიზისმა ეს გრაფიკი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

სომალის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ ჰასან შეიხ მოჰამუდის მიერ ვადის გაგრძელება უკანონოა. გადაწყვეტილებამ პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის დაპირისპირება და პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა.
უზენაესი სასამართლოს განჩინება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბაშე იუსუფ აჰმედი თანამდებობიდან გადააყენა. სასამართლომ ეს ნაბიჯი ძალაუფლების გადამეტებად შეაფასა და პრეზიდენტის გადაწყვეტილება „ბათილად“ გამოაცხადა. სასამართლოს განცხადებით, პრეზიდენტმა სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაიყო ხელი. BBC-ის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მთავარი მოსამართლის გათავისუფლება მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საჩივრებით იყო გამოწვეული, თუმცა სასამართლომ ეს ახსნა უარყო.
სასამართლომ პოლიტიკურ ლიდერებს მოსთხოვა, 30 დღის განმავლობაში შეთანხმდნენ საარჩევნო გეგმაზე და არჩევნები 90 დღის ვადაში ჩაატარონ. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამთავრობო გეგმებს მომავალი წლის საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტ მოჰამუდის ოთხწლიანი მანდატი მაისში ამოიწურა, თუმცა პარლამენტის მიერ მარტში დამტკიცებული კანონპროექტის საფუძველზე მისმა ადმინისტრაციამ ვადა ერთი წლით გაახანგრძლივა. ოპოზიციური ჯგუფები პრეზიდენტს ძალაუფლების გახანგრძლივებაში ადანაშაულებენ, ხოლო პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეფორმები კლანურ სისტემაზე უარის თქმისა და სრულად დემოკრატიული არჩევნებისკენ გადასვლისთვისაა საჭირო.
სასამართლოს გადაწყვეტილება მიესალმა ყოფილი პრეზიდენტი შარიფ შეიხ აჰმედი და მოჰამუდს კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჰასან ალი ხაირემ პრეზიდენტი უზენაეს სასამართლოში ძალოვანი სტრუქტურების შეყვანასა და მართლმსაჯულების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა, თუმცა BBC-ის ცნობით, ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.
პოლიტიკური არეულობა იმ ფონზე ხდება, როდესაც სომალის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბრძოლას ისლამისტი მებრძოლი ჯგუფის „ალ-შაბაამის“ წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის სოფლის მრავალ რეგიონს აკონტროლებს.