ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის „დიდი და ლამაზი“ შეთანხმების პერსპექტივაზე საუბრობს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დასრულებასთან ახლოსაა და მომავალი შეთანხმება შესაძლოა მთელ ევროპას მოიცავდეს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან მიმდინარეობს მუშაობა „ძალიან დიდ“ შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინაში ომს დაასრულებს. Deutsche Welle-სა და Trend-ის ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. მისი თქმით, მომავალი შეთანხმება მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და შესაძლოა მთელი ევროპული კონტინენტი მოიცვას.
„იქნება შეთანხმება. ეს იქნება დიდი შეთანხმება და ის უკრაინაზე მეტს მოიცავს. შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა მან მთელი ევროპა მოიცვას. ეს იქნება დიდი და ლამაზი შეთანხმება და ამით ყველა კმაყოფილი იქნება“, — განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში და დასძინა, რომ დეტალების გახმაურება არ შეუძლია.
იმავდროულად, ტრამპის სიძემ და აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა, ნატომ და ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის მოგვარების საკითხზე „ნაყოფიერი და არსებითი დისკუსიები“ გამართეს. მისი თქმით, მომავალ კვირაში აბუ-დაბიში კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები იგეგმება.