დონალდ ტრამპმა რუსეთის სპეცწარმომადგენელთან შეხვედრა გამართა მას შემდეგ, რაც მელანია ტრამპმა უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებასთან „ძალიან ახლოს“ არიან, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შესაძლოა უახლოეს პერიოდში შედგეს. ეს განცხადება მან თეთრ სახლში ვლადიმირ პუტინის სპეცწარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ტრამპის თქმით, მოსალოდნელია დიდი შეთანხმება, რომელიც უკრაინის ფარგლებს გასცდება და შესაძლოა, მთელ ევროპას შეეხოს, თუმცა საუბრის დეტალებზე უარი განაცხადა. თავად უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრა, მისი თქმით, იმ დღეს არ ჰქონია.
აღნიშნულ შეხვედრამდე თეთრ სახლში აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, დიპლომატიური მიღება გამართა, რომელსაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მიეძღვნა უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ოქტომბრის ბოლოს ექვსდღიანი ლოკალური ზავის შედეგებს. ზავმა, რომელიც 27 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდა, თითქმის 800 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უზრუნველყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ კირილ დმიტრიევი, რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი იანა ლანტრატოვა, უკრაინის პარლამენტში „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი დავით არახამია და უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი. მელანია ტრამპმა მხარეებს უფრო მტკიცე მშვიდობისკენ მოწოდებით მიმართა და დმიტრიევსა და არახამიას ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სახელზე დაწერილი პირადი წერილები გადასცა. უკრაინულმა მხარემ პირველ ლედის წმინდა ოლღას ორდენი გადასცა, ხოლო დმიტრიევმა მას 11 წლის გოგონას ნახატი აჩუქა.
მედიის ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ახალი მოლაპარაკებები აბუ-დაბიშია მოსალოდნელი.