გევინ ნიუსომმა კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის ყველა განაჩენი შეცვალა
კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ შტატში სიკვდილით დასჯის ყველა განაჩენს უპირობო სამუდამო პატიმრობით შეცვლის.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, რომ შტატში სიკვდილით დასჯის ყველა განაჩენს შეუცვლის და მათ უპირობო სამუდამო პატიმრობით შეცვლის. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
ნიუსომის თქმით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ შტატის მიერ ორგანიზებული მკვლელობა შეუთავსებელია კალიფორნიის ფასეულობებთან, ასუსტებს სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს და აკნინებს თითოეულ ადამიანს. კალიფორნიის სიკვდილმისჯილთა სიაში 548 ადამიანი იმყოფება.
გამოცემის ცნობით, მოქმედმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ იგი უკვე ხანგრძლივი პერიოდია ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას და ჯერ კიდევ 2019 წელს დააწესა მორატორიუმი სიკვდილით დასჯებზე. კალიფორნიის შტატის კონტიტუციის თანახმად, იმ პირთა შეწყალებისთვის, რომლებიც ერთზე მეტჯერ არიან მსჯავრდებულნი მძიმე დანაშაულში, აუცილებელია კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს თანხმობა. ეს ნიშნავს, რომ სასამართლომ 382 ასეთი შეწყალება უნდა დაამტკიცოს, რაც ნიუსომის ოფისის მონაცემებით, დაახლოებით 70%-ს შეადგენს.
ნიუსომმა აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაბიჯი იყო, რადგან ის დანაშაულის მსხვერპლთა ოჯახებისთვის მტკივნეულ მოგონებებს გააცოცხლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ კალიფორნიის მაცხოვრებლებმა წარსულში მხარი არ დაუჭირეს სიკვდილით დასჯის გაუქმებას — 2016 წელს ამომრჩეველთა 53%-მა უარყო კანონპროექტი, რომელიც შტატში სიკვდილით დასჯის გაუქმებას ითვალისწინებდა.
ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა (ACLU) გუბერნატორის ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის სამართლიანობის მოთხოვნებს პასუხობს.