პარაგვაის პრეზიდენტმა სანტიაგო პენიამ გადადგომა სცადა, თუმცა კონგრესმა განცხადება არ დააკმაყოფილა და იმპიჩმენტის პროცედურას აგრძელებს
ციფრული ბანკ Ueno-ს კოლაფსისა და მილიონობით მოქალაქის მიერ ანგარიშებზე წვდომის დაკარგვის შემდეგ, პარაგვაის პრეზიდენტმა სანტიაგო პენიამ გადადგომის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა პარლამენტმა მისი გადადგომა არ მიიღო და იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

პარაგვაის პრეზიდენტმა სანტიაგო პენიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ციფრული ბანკ Ueno-ს კოლაფსმა გამოიწვია. მილიონობით მომხმარებელმა ანგარიშებსა და პენსიებზე წვდომა დაკარგა, რასაც პარაგვაის დედაქალაქში საპროტესტო აქციები და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.
Al Jazeera-სა და BBC-ის ცნობით, კონსერვატიულმა პოლიტიკოსმა პენიამ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის სტაბილურობისა და სოციალური მშვიდობის შესანარჩუნებლად მიიღო, თუმცა პარლამენტმა მისი გადადგომა არ დააკმაყოფილა. ქვედა პალატამ პენიას იმპიჩმენტს მხარი 78 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაუჭირა, სენატმა კი საპროცესო მოსმენები გახსნა. მმართველი „კოლორადოს“ პარტიის კანონმდებლებმა ერთობლივი სესიის კვორუმი ჩააგდეს, რადგან ცხადი გახდა, რომ გადადგომის დასამტკიცებლად საკმარისი ხმები არ იყო. მმართველი პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ორასიო კარტესმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტია პენიას იმპიჩმენტს უჭერს მხარს.
კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარაგვაის ცენტრალურმა ბანკმა Ueno-ს გადახდისუუნარობის შესახებ განაცხადა. კომპანია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ემსახურებოდა და სახელმწიფო სახსრებს განკარგავდა, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თავად პენია Ueno-ს მშობელი კომპანიის აქციონერი 2025 წლამდე იყო, რის გამოც კანონმდებლებმა მას ინტერესთა კონფლიქტი და სავარაუდო გულგრილობა დასდეს ბრალად. პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სენატში დაგეგმილ სხდომაზე საკუთარი თავის დასაცავად წარდგება.
პარაგვაის გენერალურმა პროკურატურამ ბანკის კოლაფსისა და საჯარო სახსრების განთავსების საკითხზე სამი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კარლოს კარვალომ თანამდებობა დატოვა, ხოლო ცენტრალურმა ბანკმა დეპოზიტების დასაბრუნებლად და სახსრების სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში გადასატანად ზომები მიიღო. იმპიჩმენტის შედეგად პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ხელისუფლებაში შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი პედრო ალიანა მოვიდეს.