პოლონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, დაკავებულია ექვსი პირი, რომელთაგან ოთხს ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინეს. გამოძიების თანახმად, ისინი მოსკოვს საბრძოლო მასალებისა და იარაღის სისტემების საწარმოო ნაწილებს აწვდიდნენ.

პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამხედრო კომპონენტების უკანონო მიწოდების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ინფორმაციით, დაკავებულთაგან ოთხს ოფიციალურად წარედგინა ჯაშუშობის ბრალდება და მათ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო დანარჩენ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეხო.
გამოძიების ცნობით, ჯგუფმა რუსეთს არსებული ემბარგოს გვერდის ავლით მიაწოდა იმ ნაწილების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც საბრძოლო მასალებისა და იარაღის სისტემების წარმოებისთვის გამოიყენება. ექვსივე დაკავებულს ასევე ედავებიან ქვეყნის თავდაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საქონლისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ვაჭრობის წესების დარღვევას.
დაკავებულებს შორის არის ხუთი პოლონეთის მოქალაქე, რომელთა ასაკი 25-დან 52 წლამდეა, და ერთი 37 წლის რუსი ქალი. საინფორმაციო კოორდინატორ ტომაშ სემონიაკის განცხადებით, ოპერაცია ემსახურებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი ემბარგოს გვერდის ავლას. სემონიაკისვე თქმით, 2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ჯაშუშობისა და დივერსიის საქმეებზე თითქმის 100 პირი ჰყავს ბრალდებული.
რუსეთის საელჩოს მედიის კითხვებზე პასუხი დაუყოვნებლივ არ გაუცია, თუმცა კრემლი ნატო-ს წევრ ქვეყნებში დივერსიული ოპერაციების განხორციელებას მუდმივად უარყოფს.