ვურჩევდი, აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს – პაპუაშვილი ჰერჩინსკის
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, მოუწოდა, „ტონს დაუწიოს“ და „აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს“. პაპუაშვილის განცხადებით, დიპლომატის მხრიდან აგრესიული და დამრიგებლური ტონით საუბარი მიუღებელია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით კრიტიკული განცხადება გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, მას პირველი რეკომენდაცია სწორედ ელჩის ტონალობასთან დაკავშირებით აქვს და ურჩევს, რომ „ტონს დაუწიოს“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადებით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. პაპუაშვილის შეფასებით, ელჩის გუშინდელმა ბრიფინგმა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში საქართველოს საკითხს ეხებოდა, გარკვეული კითხვები და უკმაყოფილება გამოიწვია.
მან ასევე უპასუხა ჰერჩინსკის განცხადებას დიალოგთან დაკავშირებით. ევროკავშირის ელჩის თქმით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა საჭირო. თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმ თემების შინაარსი, რომლებზეც დიალოგია შეთავაზებული და აღნიშნა, რომ მიუღებელია საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ გამარჯვების, ქვეყნის „ბნელ წარსულში“ დაბრუნებისა თუ წარსულში განხორციელებული დემარშების შესახებ.