ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის სურვილს ადასტურებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, თუმცა ამავდროულად რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ეკონომიკურ ბლოკში დარჩენას ცდილობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს ოფიციალურად მიმართოს ევროკავშირს წევრობის თაობაზე. მისი თქმით, პროცესი მიდის იქითკენ, რომ სომხეთმა ოფიციალურად მიმართოს ევროკავშირს 2027 ან 2028 წელს სრულუფლებიანი წევრობის პროცესის დასაწყებად. აღნიშნული განცხადება ეფუძნება კანონს, რომელიც პრემიერის პოლიტიკურმა გუნდმა 2025 წლის აპრილში მიიღო და სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება გამოაცხადა.
მიუხედავად ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ აპირებს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლას. სომხეთის ეკონომიკა მძიმედ არის დამოკიდებული რუსეთზე, რომელიც მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება და ქვეყანას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით აწვდის ბუნებრივ აირს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უპასუხა ფაშინიანის განცხადებებს. სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პრემიერ-მინისტრის პოზიციას „ლინგვისტური აკრობატიკა“ უწოდა და სომხეთის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. მოსკოვი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები შეუთავსებელია ევრაზიულ კავშირში წევრობასთან და სომხეთის მთავრობას არჩევანის გაკეთებას აძალებს.
მაისში რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა ფაშინიანის მთავრობას დეკემბრამდე მისცეს ვადა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სომხეთს ევრაზიული კავშირიდან გარიცხვა ემუქრება. თუმცა, ფაშინიანმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გამორიცხა რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა ამეტაპზე და განაცხადა, რომ სანამ რეფერენდუმი ჩატარდება, ქვეყანამ ჯერ ევროკავშირის დადგენილი პროცედურები უნდა გაიაროს.