რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართული ოპოზიციური პარტია „დროა“ ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

რუსეთმა ქართული ოპოზიციური პარტია „დროა“, რომელსაც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, საკუთარ ტერიტორიაზე „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის 5 ნოემბრის განცხადებით, პარტია „დროა“, რომელიც 2021 წელს შეიქმნა და „ცვლილების კოალიციის“ წევრია, „მკვეთრად რუსოფობიურ შეხედულებებს“ ავრცელებს და საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დისკრედიტაციას ცდილობს.
უწყების მტკიცებით, პარტიის საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი მმართველი ელიტის რუსეთთან კავშირების „გამოვლენისკენ“, ერთპარტიული სისტემის დაშლისა და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების იდეის პოპულარიზაციისკენ. რუსეთის პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ „დროა“ ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას და მოითხოვს ვიზის რეჟიმის აღდგენასა და პირდაპირი ავიამოსვლების შეჩერებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის წევრები თვლიან, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირა.
საპასუხოდ, პარტია „დროამ“ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა ისინი არასასურველ ორგანიზაციად სწორედ იმის გამო გამოაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულ ტერიტორიებად მიაჩნიათ, რუსეთი კი – საერთაშორისო სამართლის დამრღვევად.
„ჩვენ ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ცნობისთვის, ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს, ხოლო მარტში სასამართლომ მას ქონების დაზიანების ბრალდებით ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.