ცხინვალის დე ფაქტო სააგენტო „ქართული ოცნების“ პოლიტიკას დადებითად აფასებს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „რესი“ საქართველოში დასავლეთის ჩარევის შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დადებითადაა შეფასებული.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო „რესი“ აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „დასავლეთის ჩარევა საქართველოში: ზეწოლა, „ფერადი“ ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური გათვლა“, რომელშიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დადებითადაა შეფასებული.
პუბლიკაციის თანახმად, დასავლეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების შეცვლას და ამ მიზნით ოპოზიციის დაფინანსებას, სანქციებსა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას იყენებს. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიზანია, საქართველო რუსეთთან დაპირისპირებისთვის გამოიყენონ.
ტექსტში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ შეესრულებინა დასავლეთის მითითებები, მათ შორის გაეხსნა „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ. პუბლიკაციაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პრაგმატული, მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელიც, ავტორის შეფასებით, საქართველოში მშვიდობისა და მისი ეროვნული ინტერესების შენარჩუნებას ემსახურება.
გარდა ამისა, სტატიაში გამეორებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები დასავლური ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის, საქართველოში საპროტესტო აქციების დაფინანსების შესახებ. პუბლიკაციაში ასევე მოყვანილია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და კახა კალაძის განცხადებებიც.