სომხეთში ბიზნესმენი და კომპანიათა ჯგუფ „ტაშირის“ დამფუძნებელი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
სომხეთში კომპანიათა ჯგუფ „ტაშირის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მას და კიდევ 35 პირს სისხლისსამართლებრივი დევნა აღუძრეს „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების, მინდობილი ქონების მითვისებისა და ფულის გათეთრების საქმეზე.

სომხეთში ბიზნესმენი და კომპანიათა ჯგუფ „ტაშირის“ დამფუძნებელი სამველ კარაპეტიანი დააკავეს. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, სამველ კარაპეტიანისა და კიდევ 35 პირის მიმართ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა აღიძრა „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების, მინდობილი ქონების მითვისებისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, კომპანიისთვის მიყენებულმა საერთო ზარალმა 64 მილიარდ 585 მილიონ დრამს გადააჭარბა.
გამოძიების ფარგლებში, ოფიციალური ცნობების მიხედვით, ერთდროული ჩხრეკები ჩატარდა 65 საცხოვრებელ ბინასა და კომპანიების საქმიანობის მისამართებზე.
სამველ კარაპეტიანი სხვა სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ხელისუფლების მიტაცებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საჯარო მოწოდებების გახმოვანებისთვის. კიდევ ერთ საქმეზე კარაპეტიანს ბრალდება ფულის გათეთრების მუხლით ჰქონდა წაყენებული.