09.11.2026

UNOPRESS

GEORGIA · CAUCASUS · WORLD
საერთაშორისო · 2026-11-05

ინდოეთმა სომხეთს ზალპური ცეცხლის სისტემისთვის 700 რაკეტა მიაწოდა

ინდურმა კომპანიამ სომხეთს „პინაკას“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის 700 მართვადი რაკეტა მიაწოდა. სომხეთი ამ სისტემის მართვადი ვერსიის პირველი უცხოელი შემსყიდველია.

UNOPRESS · 2026-11-05 20:29 UTC
ინდოეთმა სომხეთს ზალპური ცეცხლის სისტემისთვის 700 რაკეტა მიაწოდა

სომხური გამოცემა CivilNet.am-ის ცნობით, ინდურმა კომპანიამ Solar Defence and Aerospace Limited-მა სომხეთს „პინაკას“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის 700 მართვადი რაკეტა მიაწოდა. ცნობილია, რომ სომხეთში ამ სისტემას „შანტი“ ეწოდება.

India Today-ის ინფორმაციით, რაკეტების გაგზავნის პროცესი ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნათ სინგჰმა 2026 წლის 18 იანვარს, კომპანიის საწარმოო კომპლექსში გამართულ ღონისძიებაზე დაიწყო. გამოცემის თანახმად, სომხეთი „პინაკას“ მართვადი ვერსიის პირველი უცხოელი შემსყიდველია, ხოლო რაკეტების მოქმედების სიშორე დაახლოებით 75-80 კილომეტრს შეადგენს.

კომპანიის ცნობით, სომხეთთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „პინაკას“ სისტემის შეძენით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მის მთავარ უპირატესობებად შედარებით დაბალი ფასი, სამიზნეების მაღალი სიზუსტით განადგურების შესაძლებლობა და ინდური თავდაცვის ინდუსტრიის მიმართ მზარდი ნდობა სახელდება.

ინდური კომპანია Apollo Micro Systems-ის ხელმძღვანელობამ 26 ოქტომბერს ინვესტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთისთვის განკუთვნილი 2 000 მართვადი რაკეტის საექსპორტო კონტრაქტის შესრულებაში სამი ინდური კომპანია მონაწილეობს: Solar Industries, სახელმწიფო კომპანია Munitions India Limited და Bharat Forge. გამოცემის ვარაუდით, Solar Defence and Aerospace Limited-ის მიერ ახლახან გაგზავნილი 700 რაკეტა სწორედ ამ მასშტაბური კონტრაქტის ერთ-ერთი ეტაპია.

CivilNet.am აღნიშნავს, რომ მართვადი რაკეტების შეძენა სომხეთის სარაკეტო არტილერიის შესაძლებლობებს აფართოებს. ჩვეულებრივი რეაქტიული ჭურვებისგან განსხვავებით, მართვადი საბრძოლო მასალა სამიზნის უფრო ზუსტად განადგურების საშუალებას იძლევა და დასახული ამოცანის შესასრულებლად საჭირო რაკეტების რაოდენობას ამცირებს.

წყარო: https://netgazeti.ge/news/821106/

← მთავარ გვერდზე