მარტა კოსი: 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა სანქციების დაწესებაზე
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დასაწესებლად.

ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და სხვა პირებისთვის სანქციების დასაწესებლად – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კოსმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში წარადგინა. დისკუსიისას პოლონელმა ევროპარლამენტარმა, კშიშტოფ ბრეიზამ, ევროკომისარს საქართველოს ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ჰკითხა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი არაერთხელ მოუწოდებდა ევროკავშირს იმ პირების დასასანქცირებლად, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებლები.
პასუხად მარტა კოსმა განმარტა, რომ ევროკომისიას სანქციების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს და ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან საბჭოს კომპეტენციაა. მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს უმრავლესობა იმ პირებისთვის სანქციების მხარდასაჭერად, რომლებიც სხდომაზე დასახელდნენ.
გაფართოების ანგარიშის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმაც ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წევრების სანქციებზე. მისი განცხადებით, ამ შინაარსის განხილვები გრძელდება და იანვარში საქართველოს შესახებ უფრო სიღრმისეული განხილვაა დაგეგმილი. კალასის თქმით, ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან კონფრონტაციის გზას ადგას დემოკრატიული უკუსვლის გამო.