სომხეთის ოპოზიციური ძალები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნაზე შეთანხმდნენ
სომხეთის წამყვანი ოპოზიციური ჯგუფები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და ახალი კონსტიტუციის მიღების მცდელობების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნაზე შეთანხმდნენ.

სომხეთის წამყვანი ოპოზიციური ჯგუფები ოთხშაბათს საღამოს შეთანხდნენ, რომ შეექმნათ ერთიანი ფრონტი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და იმ მცდელობების წინააღმდეგ, რომელთა მიხედვითაც აზერბაიჯანის მოთხოვნით ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღონ. Azatutyun-ის ცნობით, მთავარი ოპოზიციური ალიანსის „სტრონგ არმენიასა“ და ათზე მეტი სხვა ჯგუფის წევრებმა „საერთონაციო კონსოლიდაცია“ საგანგებო შეხვედრის დასრულებისას გამოაცხადეს. შეხვედრა მილიარდერი ბიზნესმენისა და ალიანსის ლიდერის, სამველ კარაპეტიანის დაკავებიდან რამდენიმე საათში გაიმართა.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური ძალები პრიორიტეტულ ეროვნულ საკითხებზე საზოგადოებრივი ერთიანობის ატმოსფეროს ხელშეწყობისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ძალებს აერთიანებენ. მათ მიზნებს შორისაა ახალი კონსტიტუციის მიღების ჩაშლა, რომელსაც, ოპოზიციის შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ახვევს თავს, ასევე ბაქოსთვის სხვა „ცალმხრივი დათმობების“ აღკვეთა. გარდა ამისა, ოპოზიცია პირობას დებს, რომ დაიცავს სომხურ სამოციქულო ეკლესიას და ქვეყანაში „დემოკრატიულ თავისუფლებებსა და უფლებებს აღადგენს“.
განცხადებას ხელს აწერენ ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი „ჰაიასტანი“, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ (BHK) და ყოფილი პრეზიდენტების, სერჟ სარგსიანისა და ლევონ ტერ-პეტროსიანის ხელმძღვანელობით მოქმედი ოპოზიციური პარტიები. Azatutyun-ის ცნობით, სამველ კარაპეტიანი ბრალდებებით დააკავეს, რომელიც დაკავშირებულია მის საკუთრებაში არსებულ სომხეთის ეროვნულ ელექტროქსელთან, რომელიც მთავრობამ გასულ წელს დაიკავა. პოლიტიკური მოკავშირეები ბრალდებებს უარყოფენ და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.