საფრანგეთის სისხლის ბანკები კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა
ფრანგული მხარის განცხადებით, კიბერთავდასხმის მიზანი მაცივრებში ტემპერატურის უკიდურესად გაზრდა იყო, თუმცა სისტემის დროული რეაგირების წყალობით სისხლის პროდუქტების განადგურება თავიდან აირიდეს.

საფრანგეთის სისხლის ბანკები იმ კიბერთავდასხმების სამიზნე გახდა, რომლებმაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სამაცივრო სისტემები დააზარალეს. ამის შესახებ ფრანგულმა მხარემ ოთხშაბათს განაცხადა.
საფრანგეთის სისხლის დაწესებულების (EFS) ცნობით, კიბერინციდენტმა პლაზმისა და სისხლის ნიმუშების შემნახველი სამი ცივი საცავის მართვის სისტემები მოიცვა. თავდასხმის დროს იდენტიფიცირებული იყო მაცივრებში ტემპერატურის უკიდურესად მაღალ დონემდე გაზრდის მცდელობა. ფრანგული გამოცემა Le Canard Enchaine-ის ინფორმაციით, ტემპერატურა -30 გრადუსის ნაცვლად 110 გრადუსამდე უნდა აწეულიყო. თუმცა, მონიტორინგისა და განგაშის სისტემებმა ანომალიები დროულად გამოავლინეს, რის შედეგადაც პერსონალმა ზომების მიღება მოასწრო.
EFS-ის განცხადებით, არანაირი ჯანმრთელობის რისკები არ გამოვლენილა, სისხლის პროდუქტები არ დაკარგულა და განაწილების ოპერაციებიც არ შეწყვეტილა. საცავებში არსებული პლაზმა უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს, ხოლო დაზარალებულ მაცივრებზე დისტანციური წვდომა გაითიშა.
საფრანგეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღჭურვილობის მიმწოდებელმა კომპანია Coolworld-მა განაცხადა, რომ სუსტი წერტილი მესამე მხარის მიერ მოწოდებულ კომპონენტს უკავშირდებოდა.
მსგავსი კიბერთავდასხმები კვირას და ორშაბათს ევროპის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთისა და გერმანიის სუპერმარკეტების სამაცივრო სისტემებზეც განხორციელდა, რამაც დიდი რაოდენობით გაყინული პროდუქტების განადგურება გამოიწვია.