საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის ანგარიშს ტენდენციურად აფასებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და საპასუხო ქმედებებს აანონსებს. უწყების განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს და მცდარ შეფასებებს, რის შესწავლასაც ქართული მხარე გეგმავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და საპასუხო ქმედებებს აანონსებს. უწყების ცნობით, ანგარიშში წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ასახვა კანდიდატი ქვეყნების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული დიალოგის ფორმატების საფუძველზე ხდება.
საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის მხარემ, ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებზე დაყრდნობით, ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით არ ჩაატარა არცერთი შეხვედრა, რამაც შეზღუდა პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობა. სამინისტროს თქმით, ანგარიშში არსებული მცდარი შეფასებები ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას და ამცირებს კონსტრუქციული ჩართულობის სივრცეს.
უწყებაში მიუღებლად მიიჩნევენ მცდელობას, რომ არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა „სახელმწიფოს მიტაცებად“ იყოს წარმოჩენილი. მათივე თქმით, შერჩევითი ანალიზი პოლიტიზების მცდელობაა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ საგარეო უწყების შეფასებით დოკუმენტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება, ქართული მხარე ანგარიშს დეტალურად შეისწავლის და ევროკომისიას დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს. სამინისტრო კვლავ ადასტურებს მზაობას ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის.