რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში
ევროკომისიამ 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში წარმოადგინა, სადაც ხაზგასმულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სისტემის მოშლისა და საგარეო პოლიტიკისგან გადახვევის კრიტიკული მიმართულებები.

2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში არსებულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, სამართლებრივი სისტემის მოშლამ და საგარეო პოლიტიკისგან გადახვევამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და უკან დაიხია მმართველობისა და კანონის უზენაესობის კრიტერიუმებში. საქართველოს სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის წესებისგან – კერძოდ, სიაშია 26 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ, ხოლო 17 ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლება ეძლევათ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მიერ გაცემული ვიზის საფუძველზე. 2025 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 15 130-მა მოქალაქემ მოითხოვა, ხოლო სამშობლოში 10 445 მოქალაქე დაბრუნდა. დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 2026 წლის 6 მარტიდან 12 თვის ვადით შეჩერდა.
დოკუმენტში საუბარია „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ევროკომისიის შეფასებით, ეს ფაქტი და პოლიტიკური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა ასუსტებს პოლიტიკურ პლურალიზმს. 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები პოლარიზებულ გარემოში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.
ანგარიშში ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონები. დამოუკიდებელი მედიები და ჟურნალისტები ონლაინშეტევების, ფიზიკური ძალადობისა და SLAPP სარჩელების სამიზნეები არიან, ხოლო კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლობის შინაარსის რეგულირება დაიწყო.
სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით უკუსვლა ზედიზედ მესამე წელია გრძელდება, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეფორმას მოკლებულია. საქართველოში პატიმრობის მაღალი მაჩვენებელია – ყოველ 100 000 მოსახლეზე 232 პატიმარი მოდის. ევროკომისია უარყოფითად აფასებს ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებას, ასევე დეოლიგარქიზაციის საკითხის მოუგვარებლობას.
საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი 38%-მდე შემცირდა. ქვეყანა არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. სანქციების ფარგლებში აიკრძალა ტრანზაქციები ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან და სანქცირებულთა სიაში სამი კრიპტოორგანიზაცია მოხვდა. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი გაყინულია, ხოლო 121 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება შეჩერებულია.