პაველ ჰერჩინსკი: დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგად დე ფაქტო შეჩერებულია.
ელჩის თქმით, გასული წლის განმავლობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით არსებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა და ის ვეღარ იღებს სარგებელს, რასაც კანდიდატის სტატუსი ითვალისწინებს. ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმით.
ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი ევროკავშირის დნმ-ის ნაწილია, ბოლო სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ის ყოველგვარი შინაარსისგან დაცალა. ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ითხოვდა, საჭიროა შეწყდეს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანია და გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებულები.